საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდნენ. ამის შესახებ საიას ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ ონიანის თქმით, ორგანიზაცია შესაბამისი კომუნიკაციით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს:
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდნენ და შესაბამისი კომუნიკაციით მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
როგორც ცნობილია, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა სვადასხვა სპეციალური საშუალება, მათ შორის წყლის ჭავლი. გამოყენებული საშუალებების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასებას მივყავართ დასკვნამდე, რომ ეს უტოლდება მათ შორის სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს. ამასთან დაკავშირებით გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ შემდეგი. ქიმიური გამაღიზიანებლების წლის ჭავლში შერევის პრაქტიკა საქართველოში მკაფიოდ არ არის რეგულირებული. პოლიციის შესახებ კანონი და შსს-ს ინსტრუქიები არ შეიცავს ნორმებს, როლებიც დაასაბუთებდა ასეთ გამოყენებას, მაშინ, როდესაც 2015 წლის N 1002 ბრძანების ძველი რედაქციიდან ამოღებულია წყალის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა დამატებითი კანონიერების სტანდარტების გარეშე.
ამ პირობებში, ქიმიური გამაღიზიანებლებით თუ სხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე კონვენციურ სტანდარტს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული.
საია არაერთხელ მიუთითებდა ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივ შედეგებზე, რაზეც დემონსტრანტები საუბრობენ. ესენია კანის დამვწრობა, მხედველობის გაუარესება, სუნთქვის უკმარისობა, ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები, სმენის პრობლემები, სახსრების ტკივილი და სხვა.
მიუხედავად მრავალჯერადი მოწოდებებისა, ხელისუფლებამ 2025 წლის დეკემბრამდე არ გაასაჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა 2024 წლის აქციებზე, ხოლო შსს-მ საიას მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მანამდე პასუხი საერთოდ არ გასცა.
2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მიუთითა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა სრიოზულ კითხვებს აჩენს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ და ეს საკითხი უნდა გახდეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი.
საიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშუალებების უკანონო, არაპროპორციულ გამოყენებას, ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.
ამ ეტაპზე საია იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უკავშირებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.
ჩვენ კომუნიკაციით გენპროკურატურას მივმართავს და ვითხოვთ: გამოძიების შესახებ სრულ იფნორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ.
საია განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო უფლებადაცვით პლატფორმებზე,”- განაცხადა თამარ ონიანმა.
