სამოქალაქო აქტივისტისა და განათლების ექსპერტის, გოტა ჭანტურიას განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადოს.
მისი თქმით, თუ “ქართულმა ოცნებამ” განათლების სისტემა გადატეხა, მაშინ “წინააღმდეგობის გარკვეული ფაზა დასრულდება”.
გოტა ჭანტურია აღნიშნავს, რომ ახლა პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ ბერკეტი – “უფრო აქტიური ბრძოლა, უფრო ხისტი ბრძოლა, უფრო არა აკადემიური ბრძოლა”.
ჩემი აზრით, ახალ ფაზაში გადავდივართ და ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა არის ნამდვილად იმიტომ, რომ თუ განათლების სისტემა გადატეხეს, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იგივე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე სხვათა შორის ერთ-ერთი სამაგისტრო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაქვს დამთავრებული, რომელსაც სულ მინიმუმ გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ უნივერსიტეტს და მისი განადგურებით ამ სიმბოლოებსაც ებრძვიან, თუ ეს დამთავრდა, მაშინ წინააღმდეგობის გარკვეული ფაზა დასრულდება და ჩვენ მნიშვნელოვან მარცხს მივიღებთ და ძალიან რთული იქნება მერე ამის შემობრუნება. კი, რა თქმა უნდა, მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ მრავალი წლით ეს გადაიწევს. ამიტომ, ეს არ უნდა დავუშვათ.
რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ? – პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ ბერკეტი ერთი მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ საუნივერსიტეტო საზოგადოებამაც დააგვიანა წინააღმდეგობა, უფრო აქტიური ბრძოლა, უფრო ხისტი ბრძოლა, უფრო არა აკადემიური ბრძოლა, მაგრამ ერთ-ერთი არის დაუმორჩილებლობა, ეს არის გაფიცვა მათ შორის და ეს არის არ შესრულება იმ ბრძანებების, რაც მოდის განათლების სამინისტროსგან. ამ ხალხს ეს შეუძლია.
რა თქმა უნდა, [ილიაუნმა] დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადოს,” – ამბობს გოტა ჭანტურია.
