“ოცნება” გაყიდის ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება” – ამის შესახებ დიპლომატმა ზურა ფარჯიანმა განაცხადა და სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების გასხვისებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობამაც 90-იან წლებში ქარხნები და საავადმყოფოები სპილენძად და ლითონად გაყიდა, შესაბამისად უნივერსიტეტის შენობების გასხვისება მოულოდნელი არ იქნება.
ზურა ფარჯიანის განცხადებით, მას არ აქვს ილუზია, რომ “ქართული ოცნების” წევრები ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
[უნივერსიტეტების] შენობებს რაც შეეხება, მე არ მაწუხებს ილუზია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ა.შ. იღწვიან, ამის ილუზია არ მაწუხებს.
იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომლებიც შეიძლება ახლა გვისმენენ და ან ნეიტრალურები არიან, ან “ქართულ ოცნებას” აძლევენ ხმას, ეს ხალხი, ვისაც თქვენ ახლა Facebook-ზე იცავთ, თუ მეზობლებთან საუბარში, ბირჟაზე, თუ სუფრაზე, ეს ხალხი დაჯდება თვითმფრინავებში, ზოგი ეკონომ კლასით, ზოგი ბიზნეს კლასით და წავა აქედან. ყველა იშოვის იმდენ ფულს თქვენი და ამ ქვეყნის ხარჯზე, რომ სადღაც ჰქონდეს თბილი კუთხე, დუბაი იქნება, თუ აბუ-დაბი…
ის, რომ გაყიდიან ყველაფერს რისი გაყიდვაც შეიძლება, არც ამაში მეპარება დიდად ეჭვი იმიტომ, რომ რეალობას ჩავხედოთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 90-იანებში სპილენძად და ლითონად გავყიდეთ ქარხნები, საავადმყოფოები და ა.შ., რაიმე მოულოდნელი ამაში არ იქნება,” – განაცხადა ზურა ფარჯიანმა.
