სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდების პოზიციაა, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარონ, ხოლო კონკრეტული პირობები მოგვიანებით განისაზღვროს.
საქმის პროკურორის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით თავად მიმართეს ბრალდების მხარეს. თუმცა, კითხვაზე, რამდენმა ან რომელმა ბრალდებულმა გააკეთა შესაბამისი მიმართვა, პროკურატურამ დეტალური ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
ადვოკატების ნაწილის თქმით, საპროცესო შეთანხმების განხილვის შესახებ მათ სხდომათა დარბაზში შეიტყვეს. მათი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან წინასწარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რაც დაცვის მხარის შეფასებით დამატებით კითხვებს აჩენს.
დღესვე გახდა ცნობილი შეთანხმების სავარაუდო პირობებიც, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ითვალისწინებს ერთწლიან თავისუფლების აღკვეთას და ერთწლიან პირობით მსჯავრს.
დაცვის მხარის განცხადებით, უცნობია, რა პრინციპით შეირჩნენ ის ბრალდებულები, რომლებსაც საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილთან კონტაქტი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, ადვოკატების თქმით, დაკავებულების უმეტესობა არ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას თავისუფლების სანაცვლოდ არ აპირებს.
