მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დარჩება შავ ლაქად საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი წერს.
“ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე (რომლის ანალოგი მინიმუმ არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში არ მოიძებნება) უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დარჩება შავ ლაქად საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ამ მაგალითითაც ასწავლიან მომავალ თაობებს, რას ნიშნავს უნივერსიტეტების დაჩეხვა და განადგურება.
ქ/ოცნების ცივი ტყუილი სახელდახელოდ: წელს სტუდენტების რაოდენობა 2000-ით გაიზრდებაო. ამ დროს, სპეციალობებზე სტუდენტთა კვოტებს დრამატულად ამცირებენ. მაგალითად, ამტკიცებენ, სოციალურ-პოლიტიკური სპეციალობების მიმართულებით, ყოველწლიურად, 2600-მდე სტუდენტს უშვებდა უნივერსიტეტები, სინამდვილეში მოთხოვნა 400 კურსდამთავრებულზეაო (ანუ, 6-ჯერ ნაკლებზეო). კვოტების დრამატული შემცირება ეხება თითქმის ყველა სპეციალობას. ჰოდა, რანაირად გაიზრდება სტუდენტების რაოდენობა?
ხელისუფლებაში მყოფი ძალა აცხადებს, შრომის ბაზრის კვლევამ (რომელიც თვალით არავის უნახავს, დაბეჯითებული მოთხოვნის მიუხედავად) გვიკარნახა სპეციალობებზე კვოტების დაწესებაო. ისედაც გაღარიბებული შრომის ბაზარი ხვალ რომ კიდევ უფრო გაღატაკდება, რადგან ათასობით პროექტი აღარ განხორციელდება საქართველოში, მერე რაღას ვშვრებით – უნივერსიტეტები “ბოთლის მბერავების” (გია ვოლსკის სიტყვებია!) გამოშვებაზე გადაკვალიფიცირდებიან?
ასე გადაიქცა ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად საუნივერსიტეტო განათლება, რათა ისიც ჩამორჩენილი გახდეს! და – ბოლომდე გაკონტროლებული მთავრობის მიერ!”
ცნობისთვის, გივი მიქანაძემ დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
