რომეო მიქაუტაძის მეგობარმა და ბიზნეს პარტნიორმა დღეს მოსამართლის წინაშე აღიარა, რატომ მალავდა მიქაუტაძესთან ერთად წილებს. ბაჩანა სულაძემ პირდაპირ თქვა, რომ მიზეზი “შაბათის ეთერის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებია. “საქრუსენერგოს” ყოფილი დირექტორი, რომელიც ყველა თანამდებობაზე მიქაუტაძის რეკომენდაციით დაინიშნა, მეგობრის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა.
ის, რაზეც პროცესის შემდეგ დუმს, ვრცლად მოყვა სხდომათა დარბაზში. ბაჩანა სულაძემ დეტალურად გაიხსნა როგორ მართავდა განსასჯელის სკამზე მყოფი ყოფილი საჯარო მოხელე კომპანიებს, როცა ამის უფლება არ ჰქონდა. მოწმე აღიარებს, რომ წილების ფორმალურად სხვებზე გადაფორმების მიუხედავად არსებობდა ე.წ. ჩატი, სადაც წყდებოდა როგორ უნდა ემართა ენერგო სექტორში მომუშავე კომპანიები.
“შაბათის ეთერმა” 2023 წელს მოიპოვა დოკუმენტები, რაც ადასტურებდა, რომ იმდროინდელი მინისტრის მოადგილე მილიონერია და სახელმწიფოსგან მოცვის ბაღებისთვის სამეგრელოში ტერიტორია აუქციონის გარეშე იყიდა. როგორ მიიღო ჩალის ფასად სახელმწიფოსგან მიწა ღარიბაშვილის ძმაკაცმა და ნათელ-მირონმა – ამ კითხვას რომეო მიქაუტაძე ასე პასუხოვდა.
მაშინ სახელმწიფო ბრალდება ჟურნალისტური გამოძიებით არ დაინტერესებულა, თუმცა შაბათის ეთერის კითხვების შემდეგ ფაქტია, რომ ჩინოვნიკმა ქონების გადამალვა დაიწყო. დღეს პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიქაუტაძემ თანამდებობაზე ყოფნის დროს 8,5 მილიონის უკანონო შემოსავალი მიიღო – ამ თანხის სახელმწიფოსთვის დაბრუნების და ბრალის აღიარების შემთხვევაში ბრალდება მზად არის საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.
