ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერით ჩაფხუტის გამოყენების უფლება კიდევ ერთ სპორტსმენს არ მისცეს. მოთხილამურე ეკატერინე კოცარა გამოცემა Суспільне Спорт-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მას სურდა გამოეყენებინა ჩაფხუტი წარწერით – “იყავით მამაცები, როგორც უკრაინელები” – თუმცა ამის უფლება არ მისცეს.
“მაქვს საფირმო ჩაფხუტი, რომლითაც გამოვდივარ “იყავი მამაცი, როგორც უკრაინელები”. ოლიმპიურ თამაშებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე წერილი, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ ჩაფხუტს პროპაგანდად მიიჩნევს, რის გამოც ჩაფხუტით თამაშებზე გამოსვლა არ შემიძლია. გამოცდილების, ცოდნისა და ალბათ, თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო, უბრალოდ შევცვალე ჩაფხუტი და ახლა მასზე მხოლოდ უკრაინის პატარა დროშაა… უბრალოდ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას ვთქვი მასზე უარი, თუმცა მომავალში უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი. ეს ნამდვილად არ არის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აკრძალვა, რადგან ამ ჩაფხუტით 2022 წლიდან გამოვდივარ და ეს წარწერა მასზე უცვლელად მაქვს. ვცდილობ, ის მთელ მსოფლიოს ვაჩვენო” – განაცხადა მოთხილამურემ.
მანამდე უკრაინელ სკელეტონ მრბოლელს ვლადისლავ გერასკევიჩს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების უფლება არ მისცეს.
