საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა სამ პირზე ჯგუფურ ძალადობას. ორგანიზატორი და კიდევ ორი ბრალდებული ძალადობით, თავს დაესხნენ ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულებს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოსვლას აიძულებდნენ, რა დროსაც ავტომანქანა დააზიანეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავდამსხმელს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და ორი პირის განზრახ მკვლელობა სცადა, რის შემდეგ, თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.
მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად მყოფმა პირმა იცოდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
