გმირთა მოედანზე ივანიშვილის ყოფილი საკუთრება, აბრეშუმის ფაბრიკა და საცურაო აუზი ლაგუნა ვერე, მაკა ასათიანის შვილის, კახი ჟორდანიას საკუთრებაში გადავა,- ამის შესახებ „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს უკვე მეორე მსხვილი დეველოპერული პროექტია, რომელშიც ინვესტორად კახი ჟორდანია ჩნდება.
ივანიშვილმა ეს პროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს გაყიდა, თუმცა აქ მასშტაბური მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის მერიისგან მიღების ვალდებულება თავად აიღო თავის თავზე (უცნაური ნაწილი იყო გარიგების) და მისმა კომპანიებმა შეათანხმეს კიდეც ,,ინვესტორის” მაგივრად აქ 153,949 კვ.მ საერთო ფართობის 40 და 52 სართულიანი კოშკების პროექტი.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაანონსების შემდეგ (ეს ჯერ კიდევ აუშენებელი ქარხანა უკვე გაეხვა სკანდალებში) ეს უკვე მეორე მსხვილი დეველოპერული პროექტია, რომელშიც ინვესტორად კახი ჟორდანია ჩნდება. ერთი წლის წინ მან ასევე შეიძინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა), სადაც სახელმწიფომ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ანუ სასტუმროს დასრულების ვადა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა,- წერს აბესაძე.
