გამოცემა BBC News-ის სპარსულენოვანი განყოფილების ანალიზის მიხედვით, ირანში ბოლო საპროტესტო აქციებზე გადაღებული ვიდეოები და სურათები ადასტურებს, რომ რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის შეიარაღება გამოიყენა, მათ შორის, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები და მაჩეტეებიც.
BBC-ის მიხედვით, რეჟიმმა აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით ბევრ ქალაქში დახოცა იმ 200-ზე მეტი ქალაქიდან, სადაც დემონსტრაციების გამართვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
გამოცემა წერს, რომ რეჟიმის მიერ მოკლულთა რაოდენობა კვლავ უცნობია, თუმცა, სისასტიკის დონე; ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული ლეტალური შეიარაღება, რაც სურათებიდან დასტურდება; თვითმხილველთა მონათხრობი და ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გავრცელებული ცნობები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ათასობით ადამიანია მოკლული.
ცნობისთვის, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 6 961-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 51 000-ს აღემატება.
“ეს ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობაა თანამედროვე ირანის ისტორიაში და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიოში,” – განუცხადა BBC-ს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაეროს ყოფილმა პროკურორმა, კანადელ-ირანელმა ფაიამ ახავანმა.
BBC-ს ანალიზმა აჩვენა, რომ ხამენეის რეჟიმის ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები, ავტომატები, თოფები, პისტოლეტები, ფეინთბოლის იარაღები, ცრემლსადენი გაზი, მაჩეტეები, დანები, ხელკეტები, ხის დიდი კომბლები და მწვანე ლაზერები (დაბრმავებისთვის და მიზანში ამოსაღებად) გამოიყენა. თუმცა, მტკიცებულებების მიუხედავად, ირანის რეჟიმი მსხვერპლის რაოდენობას “მომიტინგეებსა და ტერორისტებს” აბრალებს.
BBC-ს სპარსული სამსახურის გამოძიებას თან ახლავს ვიდეოები და სურათები, რომელთა მეშვეობითაც რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეტალური იარაღის გამოყენება დასტურდება. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც გამოცემა Iran International-მა გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ესვრიან დემონსტრანტებს ტყვიამფრქვევით.
ამასთან, თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ იანვარში ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ რეჟიმი ხშირად იყენებდა სნაიპერულ შაშხანებსაც. გამოცემის მიერ გადამოწმებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 9 იანვრით თარიღდება, ტაქტიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ადამიანი ჩანს, რაც ჰგავს იმ ტიპის უნიფორმებს, რასაც რეჟიმის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) იყენებს.
ხოლო გამოცემის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთი სურათიდან და ნათესავის მონათხრობიდან დასტურდება ისიც, რომ თეირანში მყოფ ებრაჰიმ პურაჰმადიანს, რომელიც დედაქალაქში შენობის მომვლელად მუშაობდა, შვილის თვალწინ სნაიპერმა თავში ესროლა.
ამას გარდა, არაერთმა დემონსტრანტმა BBC-ს სპარსულ სამსახურს განუცხადა, რომ მათ დანებისა და მაჩეტეებით თავს დაესხნენ. გამოცემის მიერ მოპოვებული სურათები კი ადასტურებს, რომ დაღუპულთა ცხედრებზე ტყვიით მიყენებულ ჭრილობებთან ერთად მაჩეტეების კვალიც შეინიშნება.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო საპროტესტო აქციები დეკემბრის მიწურულს დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
