“რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების სამინისტროში გივი მიქანაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე “ქართული ოცნების” განათლების მინიტრს, გივი მიქანაძეს თსუ-ს სენატის პოზიცია გადასცეს.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, ცალსახად შეუძლია თქვას, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება.
“მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი მხრიდან, თსუ-ს მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თსუ-ს და მის არჩევით ორგანოებს, მხედველობაში მაქვს სენატი. რა თქმა უნდა, გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. ერთი რამ, რაზეც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ შევჯერდით ის არის, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად თსუ-მ და სტუ-მ, ერთობლივად მოამზადოს ის ხედვები, რომელი ხედვებიც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს,” – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
