ბათუმელ რეჟისორს ერთი განცხადებით შეატყობინეს, რომ მისი სპექტაკლი საპრემიერო ჩვენებიდან მოხსნილია და მაყურებელს აღარ უჩვენებენ. მიზეზად ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაცია პოლიტიკას ასახელებს. ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა რეჟისორს იმდაგვარი ჩანაფიქრი ჰქონდა, რომლის ადგილიც თეატრში არ არის. ამიტომ სპექტაკლი “დარქ ვები” პრემიერამდე ორი დღით ადრე გააუქმეს.
გეგა გაგნიძეს თეატრიდან ერთი განცხადებით აცნობეს, რომ იწუნებენ მისი თვალით დანახულ რეალობას, მხატვრულ ღირებულებებს და პიესის შინაარსს. ბათუმის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ რეჟისორი შეუთანხმებლად გეგმავდა საავტორო ნამუშევარს. ზაალ გოგუაძე ამტკიცებს, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა სპექტაკლის რეპეტიციებს დასწრებოდნენ და მხოლოდ პრემიერის წინა დღეს გაიგეს ჩანაფიქრის შინაარსი.
ბათუმის თეატრი ახლა დიდ სკანდალშია გახვეული. აქამდე არავის ახსენდება შემთხვევა, მსგავსი მიზეზით ხელოვანისთვის შეზღუდვები დაეწესებინათ. თეატრის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას დასში პროტესტი მოჰყვა. მსახიობების ერთი ნაწილი ამბობს, რომ პოლიტიკისგან გამიჯვნის სურვილი მხოლოდ შირმაა და რეალურად ესეც პოლიტიკის ნაწილია. ცენზურას იმ ადამიანებს უწესებენ, ვინც დიდი ხანია ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა.
