მოიშორა თუ არა თავიდან ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მთავარმა თვითმხილველმა მობილური ტელეფონი. სასამართლო პროცესზე, სადაც მკვლელობის ორგანიზების მუხლით ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ასამართლებენ მთავარმა გამომძიებელმა თქვა, რომ მკვლელობის ოქროს მოწმე მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოკითხეს და გაუშვეს. საუბარია კახა ძანძავაზე, რომელიც ლევან ჯანგველაძეს თან ახლდა მკვლელობამდე და მკვლელობის მომენტშიც, კახა ძანძავაა კაცი, რომელიც ჯანგველაძის ლიკვიდაციის შემდეგ საპირისპირო მიმართულებით გარბის.
კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების ადვოკატები ფიქრობენ, რომ ძანძავას მობილური ტელეფონი მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდა, გამოძიებამ კი ის უბრალოდ უგულებელყო. სოსო ოდიშვილმა – გამომძიებელმა, რომელმაც კახა ძანძავა მკვლელობიდან რამდენიმე საათში გამოკითხა სასამართლო პროცესზე დღეს თქვა, რომ პოლიციაში მისულ მოწმეს ტელეფონი არც თან ჰქონია და არც ავტომობილში.
პროკურორი, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში რამდენიმე თვეა ჩაერთო, ამბობს, რომ კახა ძანძავას მფლობელობაში სულ 2 ტელეფონი იყო რომელითაც გამოძიება მკვლელობიდან 9 თვის თავზე – დეკემბერში დაინტერესდა. რა ინფორმაციას ინახავდა მოკლული ლევან ჯანგველაძის თანხმლები პირის ტექნიკური საშუალება ჯერ უცნობია – მობილური ტელეფონები ახლაც ექსპერტიზაზეა.
ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში დღეს ნაწილობრივ დაიხურა. სხდომაზე საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის სანდრო წივწივაძის სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება განიხილეს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოუსმინა ფარულ ოპერატიულ აუდიოჩანაწერს, სადაც გამომძიებელს წივწივაძის ოჯახის წევრი კაჭკაჭიშვილისთვის და მიქაძეებისთვის იარაღის გადაცემას უდასტურებს.
