მოკლული მიშო ქავთარაძის დედა დაკავებული სპეცრაზმელების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 27 წლის ბიჭის მშობელი ამბობს, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი თორნიკე გოგიძე უგონო მდგომარეობაში მყოფ მის შვილს ზემოდან ახტება.
“ბოლო ამოსუნთქვა მის ხელში დაამთავრა” – ამბობს ქავთარაძის დედა.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის “შაბათის ეთერმა” მოამზადა და მოიპოვა კადრებიც, რომელიც დანაშუალში სპეცრაზმელების მონაწილეობას ადასტურებდა.
9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს ის სამი სპეცრაზმელიც, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.
მკვლელობის თანამონაწილეები იყვნენ, არანაირი მარტო ძალადობა, სად არის ჩემი შვილი. მკვლელობაა ჩვეულებრივი. მოკლეს, დაჭრილ უგონო მდგომარეობაში მყოფ ჩემს შვილს კიდევ ზემოდან ახტება და უმატებს. თვითონვე ამბობს აღიარებით ჩვენებაში, რომ მიშო ითოვდა შველას, რომ ვინმემ ამაცალეთ ესო. ბოლო ამოსუნთქვა მაგის ხელში დაამთავრა. მკვლელობის თანამონაწილეები არიან, განსაკუთრებით თორნიკე გოგიძე. არის ასევე ხარაძე, რომელიც იმყოფებოდა, ძალიან დიდი მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ მე იმასაც ვითხოვ, რა დანაშაულიც ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, ასევე გიგი თათაშვილი, რომელიც დანშაულის მომენტში იყო არასრულწლოვანი და უკვე სრულწლოვანია. აუცილებლად მოვითხოვ მის დასჯასაც”, – ამბობს მოკლული ბიჭის დედა.
