თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ. მოხდა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა. სასამართლო პროცესების შემდგომ ეტაპზე აქტიურად დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რომელიმე დაკავებულის მიმართ ბრალის დამძიმება, პროკურორმა განმარტა, რომ ეს დამოკიდებული იქნება მტკიცებულებებზე, რომლის შეფასების შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
„გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული საქმიდან გამოყოფილია საქმე და ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება. მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება სხვა პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხს, პროკურორმა განმარტა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან. შესაბამისად, ხდება ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
