“იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით”- აცხადებს თსუ-ს რექტორი განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან.
სამუშიას თქმით, პარასკევს მინისტრ გივი მიქანაძესთან თსუ-ს და სტუ-ს რექტორატის და ლექტორების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც იქნება საუბარი კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე.
“ამ შეხვედრას ორ ნაწილად გავყოფდი და შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებნთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე კი იყო პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს უკვე მინსიტრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს როგორც ტექნიკური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთად შეხვდება მინისტრს, გივი მიქანაძეს. ჩვენ იქ სუბარი გევქნება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ტექნიკურ საკითხებზე დღესაც აქტიურად იყო საუბარი, მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, ორივე უნივერსიტეტისთვის, ვფიქრობ, რომ დიალოგი აუცილებელია, რომ გაგრძელდეს.”- განაცხადა სამუშიამ.
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.
