ზვიად გაბისონიას განცხადებით, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით სამი პროფესიული კოლეჯისა და პროფესიული პროგრამის შემოხაზვის შესაძლებლობა ექნებათ.
აღნიშნული განცხადება ზვიად გაბისონიამ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, გასული წლების მსგავსად, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას წელსაც არ ექნებათ შეზღუდვა.
„არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით. ბუნებრივია, იმ უნივერსიტეტსა და პროგრამას, რომელიც არ არსებობს, ვერ შემოხაზავს“, – განაცხადა გაბისონიამ.
მისივე განმარტებით, ახალი მიდგომის მიზანია, აბიტურიენტები იმ შემთხვევისთვის დაიზღვიონ, თუ ისინი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდებიან.
„ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, სამი სავალდებულო წესით, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამებიც შემოხაზოს, რათა უმაღლესში ვერ მოხვედრის შემთხვევაში არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის მიღმა“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ
