ზვიად გაბისონიას განცხადებით, მე-12 კლასის ნებაყოფლობითად გამოცხადების შემდეგ, მე-11 და მე-12 კლასის ატესტატებს შორის განსხვავება არ იქნება. როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” წევრების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მთავარი სასწავლო კომპონენტები პირველიდან მეათე კლასამდე გადანაწილდება, მე-11 და, სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასებში კი მოსწავლე თავისი სურვილით აირჩევს საგნებს.
“მე-11 და მე-12 კლასის ატესტატებთან დაკავშირებით, გვინდა განმარტება გავაკეთოთ, რომ მთავარი სასწავლო კომპონენტები 1-დან 10 კლასის ჩავთვლით იქნება დასრულებული, მე-11 კლასი მთლიანად დაეხმარებათ მომავალ სტუდენტებს რეპეტიტორიუმის ნაწილში, ხოლო მე-12 კლასი, მოგეხსენებათ, დავტოვეთ ნებაყოფლობითი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა ევროკავშირის ან სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც აუცილებელია 12-კლასიანი ატესტატის ქონა, მხოლოდ მათთვის გავრცელდება ეს ნაწილი.
რა თქმა უნდა, [ატესტატებს შორის] განსხვავება არ და ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასწავლო კომპონენტები უნდა დასრულდეს 10-წლიან შუალედში, ხოლო მე-11 კლასი იქნება დათმობილი დაახლოებით 15 საგნისთვის, საიდანაც ამოარჩევს მოსწავლე იმ საგნებს, რომლების ჩაბარებაც უმაღლეს გამოცდებში სურს. ანალოგიური საშუალება მას ექნება მე-12 კლასშიც. ასევე შეეძლება, დაიმატოს სხვა ტიპის საგნებიც სურვილის შემთხვევაში.
რაც შეეხება ატესტატებს, ატესტატი გაიცემა 11 კლასის დასრულებისთანავე, ეს არის დამასრულებელი კლასი, ხოლო მე-12 კლასთან დაკავშირებით, ატესტატის ცვლილება კი არ მოხდება, არამედ დანართში იქნება ასახული. შეგახსენებთ, რომ ატესტატში და დიპლომში არ იწერება, 11 და 12 კლასი, იქ არის მითითებული, რომ კვალფიციკაცია აქვს მინიჭებული და დანართი ადასტურებს, თუ რამდენი კლასის”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
აზვიად გაბისონიამ ასევე განმარტა 11 კლასის დასრულების შემდეგ სტუდენტთა უცხოურ სასწავლებლებში მობილობის პროცესი. მისი მტკიცებით, მე-2-3 კურსელებს მე-12 კლასის დამატებით გავლა აღარ დასჭირდებათ, რადგან, მობილობის დროს, უნივერსიტეტები სასკოლო ატესტატს აღარ ითხოვენ.
“აქ კიდევ უფრო მარტივად გვაქვს საქმე. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, როდესაც გადანაცვლება ხდება მობილობის პრინციპით მეორე-მესამე კურსზე, ფიზიკურად აღარ მოითხოვს ატესტატების ქონას. მთავარი პრინციპია, რამდენი კრედიტი აქვს სტუდენტს გავლილი. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა 12 კლასს არ მოითხოვს, არის ქვეყნები, რომლებიც 13 კლასს მოითხოვენ, ამიტომ, ამ ნაწილში განსხვავებები ისედაც ბევრია. შესაბამისად, შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეორე-მესამე კურსელებს არავითარი დამატებითი მე-12 კლასის გავლა, დიდი ალბათობით, არ მოუწევთ და ექნებათ შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ საერთაშორისო მობილობის პრინციპით”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ცნობისთვის, სკოლებში სავალდებულო მე-12 კლასი 2027 წლიდან გაუქმდება. გივი მიქანაძის თქმით, სკოლებში საშუალო საფეხური 2027-2028 სასწავლო წლიდან X-XI კლასები იქნება.
განათლების რეფორმის კონცეფცია რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII- IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.