“რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია არ გულისხმობს ანტირუსული ბლოკების სტანდარტებისკენ რეორიენტაციას” – სერგეი ლავროვი
რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია არ გულისხმობს ანტირუსული ბლოკების სტანდარტებისკენ რეორიენტაციას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, „რუსეთი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, მათ შორის სომხეთი, ხვდებიან, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის, სავარაუდოდ, კეთილი განზრახვების უკან ცივი გათვლა იმალება“.
ლავროვის განცხადებით, მათთვის ეს რეგიონი, რომელთანაც რუსეთი ისტორიულად და განუყოფლად არის დაკავშირებული, სხვა არაფერია, თუ არა პოტენციური „მტკივნეული წერტილი“, რომელზე ზეწოლითაც შეუძლიათ მოსკოვისთვის ზიანის მიყენება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი ევროკავშირთან დაახლოების შესახებ თავის შეფასებებს ღიად აწვდის სომეხ კოლეგებს.
„ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციის პოლიტიკა არ გულისხმობს ტრადიციულ მოკავშირეებთან თანამშრომლობის შეზღუდვას ან იმ ასოციაციებისა და ბლოკების სტანდარტებზე გადამისამართებას, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული დამარცხების“ მიყენება სურთ. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ევრაზიულ სივრცეში საერთო ინტეგრაციული ასოციაციების ფარგლებში. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას რესპუბლიკისთვის რეალური, ხელშესახები სარგებელი მოაქვს. კავშირის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის საკითხებს წყვეტს წევრი ქვეყნების ინტერესების ურთიერთპატივისცემისა და გათვალისწინების პრინციპის საფუძველზე, პოლიტიკური მოსაზრებების გავლენის გარეშე. ჩვენს ქვეყანაზე სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35 პროცენტი მოდის. რუსული ბიზნესი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ძირითადი ელემენტია. არსებობს თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი – მაგალითად, ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებისა და ლოგისტიკის სფეროში. ხორციელდება მრავალი ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული ინიციატივა. რუსული სამხედრო ბაზა და ჩვენი მესაზღვრეები სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტებია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
