რას ვხედავთ ჩვენ დღეს? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილი არის, მიდის პირდაპირი ბრძოლა ამა თუ იმ სახელმწიფოს სულისთვის, ანუ მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები – არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვებისა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში “„დებატები“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონი, თავისი არსით, წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.
„ციტატას მოვიყვან: „უცხოური გავლენის არაგამჭვირვალობა აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, უცხოური ჩარევა იწვევს პოლარიზაციას, არჩევნების დამახინჯებას და დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენებას”. ეს არის ჩემი სიტყვები, ეს არის ამონარიდი ევროკავშირის დემოკრატიის აქტის, დირექტივის შეფასების დოკუმენტიდან და ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან. მე დავეთანხმები ერთ მოსაზრებას და ბატონმა იაგომაც იკითხა, თუ რა არის მიზანი? ჩვენ ამას უნდა შევხედოთ არა ვიწრო ხედვით, არამედ ფართო სურათი უნდა დავინახოთ. სინამდვილეში ეს კანონი და კანონთა წყება, ზოგადად გამჭვირვალობის თემა ეს არის არა იმდენად საკითხი ბუღალტრული, თუ „ენჯეოს“ საკითხები, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი. ეს კანონი თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.
რას ვხედავთ ჩვენ დღეს? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილი არის, მიდის პირდაპირი ბრძოლა ამა თუ იმ სახელმწიფოს სულისთვის, ანუ მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები – არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვებისა. სწორედ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, რომ დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, ხალხი, სხვა ქვეყნების გავლენისგან და იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ.
ჩვენ ვხედავდით, ეს ყველა წყება ამ კანონებისა არის რეაქცია იმაზე, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, იქნებოდა ეს უცხოური სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლები, ორგანიზაციები ჩართული იყვნენ სხვადასხვა დონეზე ფაქტობრივად მმართველობის პროცესებში. ჩვენ ვნახეთ, დაახლოებით, ალბათ, 2020 წლიდან მოყოლებული… პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ეს იყო პირველი სიგნალი იმისა, რომ აღმოჩნდა, რომ უცხოური დაფინანსებით შეიქმნა გარკვეული ქსელი ჯგუფებისა, რომლებიც იყვნენ ლოიალური არა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, არამედ ლოიალური დამფინანსებლის მიმართ“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
