საავადმყოფოებისთვის სამედიცინო ჟანგბადის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი, რუსთავის აზოტის ქარხანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. საწარმოში უკვე მეხუთე დღეა გაფიცვა მიმდინარეობს.
თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, ადმინისტრაცია მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. გაფიცულების განცხადებით, მენეჯმენტი 300 ლარიანი ხელფასის ზრდის ნაცვლად, ანაზღაურების მხოლოდ 39 ლარითა და 40 თეთრით გაზრდას სთავაზობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეთავაზება მათთვის შეურაცხმყოფელია და ხელისუფლებას პროცესში ჩარევისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, თანამშრომლების ინფორმაციით, ქარხნის ადმინისტრაცია პროტესტს მუქარით პასუხობს. მათი თქმით, თუ გაფიცვა უახლოეს საათებში არ შეწყდება, რუსთავის აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობა თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
