ირანში საპროტესტო აქციების დარბევის ფონზე, ირანელი სპორტსმენების ნაწილმა ეროვნული ნაკრებები დატოვა. ამის შესახებ ირანელმა კალათბურთელმა, ბეჰნამ იახჩალიმ და ირანელმა ფეხბურთელებმა, ზაჰრა ალიზადემ და კოუსარ კამალიმ განცხადებები გაავრცელეს.
ალიზადე პირველი სპორტსმენი იყო, რომელმაც ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ განაცხადა და დაწერა, რომ ირანში შექმნილი ვითარების გამო “ვეღარ თამაშობს, როგორც უწინ თამაშობდა”.
“ჩემთვის ეროვნული ნაკრები ყოველთვის სიამაყისა და გამძლეობის სიმბოლო იყო, თუმცა დღეს ჩემს მთავარ პრიორიტეტს ჩემი ქვეყნის ხალხი წარმოადგენს და ჩემი გული მათთვის ფეთქავს. ეროვნულ ნაკრებში ყოფნამ, ხანმოკლეობის მიუხედავად, უნიკალური მომენტები დამიტოვა, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. ყოველ გოლთან და გამარჯვებასთან ერთად ჩემი გული ირანისთვის ფეთქავს. თუმცა, დღეს ხალხთან ყოფნა და მათ გვერდით დგომა ჩემთვის ნებისმიერ სხვა რამეზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყანა კვლავ მიყვარს და პატივს ვცემ, თუმცა სანამ ჩემი თანამემამულეების ტკივილი და ტანჯვა გრძელდება, გადავწყვიტე, რომ ეროვნულ მოედანს ჩამოვცილდე”. – დაწერა ალიზადემ.
ცოტა ხნის შემდგეგ, მსგავსი განცხადება გაავრცელა კამალიმაც, რომლის თქმითაც, “არ ემშვიდობება ფეხბურთს, არამედ ეროვნულ ნაკრებს”.
“ვერ მოვაჩვენებ თავს, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. ამ გადაწყვეტილებას ამოძრავებს არა ბრაზი, არამედ ცნობიერება. მას არ ამოძრავებს უპატივცემულობა, არამედ ჩემი სინდისის მიმართ პატივისცემა. დღეს ვემშვიდობები არა ფეხბურთს, არამედ ეროვნულ ნაკრებს. იმედი მაქვს, დადგება დღე, როდესაც ხალხისთვის კვლავ შემეძლება თამაში მშვიდი გულით”. – დაწერა კამალიმ.
გარდა ამისა, იახჩალიმ დაწერა, რომ ირანელი ხალხის “მწუხარებაზე თვალს ვერ დახუჭავს” და “სანამ მათი გულები მშვიდად არ იქნება”, ნაკრებში თამაშს წყვეტს.
“ეროვნული ნაკრების ჯერსის მაისურის ტარება ჩემთვის ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება უდიდეს პატივად, თუმცა დღესდღეობით ხალხი თავს კარგად არ გრძნობს და ამ მწუხარებაზე თვალს ვერ დავხუჭავ. ამ მიზეზით, სანამ ხალხის ხასიათი არ გამოსწორდება და მათი გულები მშვიდად არ იქნება, გადავწყვიტე, რომ მათ გვერდით დავუდგე და ეროვნულ ნაკრებში არ ვიყო წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილებას ინტერესის ნაკლებობა ან დისტანცირების სურვილი არ ამოძრავებს, არამედ თანაგრძნობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული არჩევანია. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ირანისთვის ყველა ერთად მშვიდი გულებით კიდევ ერთხელ დავდგებით”. – დაწერა იახჩალიმ.
