ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი წარსულში თავად მუშაობდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი თქმით, იმ პერიოდში მას პროფესიული კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე იმ პირთან, რომლებმაც მოგვიანებით პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადეს და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდნენ.
“დღევანდელი რუსქოცური რეჟიმის უამრავი წევრი ერთ დროს სწორედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს დრო. იმ დროს მეც საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და პროფესიული შეხებაც მქონია ზოგიერთ მათგანთან, რომლებმაც ახლა განიცადეს ტრანსფორმაცია ივანიშვილის კარზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. ეს კანონები და ეს ცვლილებები, თავისთავად, ჩემი აზრით, ჩვენს რეალობაში არაფერს დიდად არ ცვლის”, – ამბობს ბოკუჩავა.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
ამასთან, ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე, წარსულში დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. 2000–2001 წლებში ის მუშაობდა USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონულ კოორდინატორად. მოგვიანებით, 2011–2012 წლებში, კობახიძე თანამშრომლობდა ღია საზოგადოება – საქართველოსთან, სადაც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო და მონაწილეობდა თვითმმართველობის მიმართულებით პროექტების შეფასებაში.
