სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გადაკეთდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციას შეასრულებს.
მაღალჩინოსნის განმარტებით, აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს, რომლის მიზანიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა უსაფრთხოების სფეროში.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე
ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. სწავლა იქნება უფასო”, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
