საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებით, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ტვ პირველს“ და „ნოდარ მელაძის შაბათს“ სასამართლო დავა მოუგო.
სტუ-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ დავით გურგენიძის სარჩელი სრყულად დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „ნოდარ მელაძეს დაევალა, უარყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ: „მილიონები, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხალხის კუთვნილი ქონების რეალიზებით მიიღო, უნდა მოხმარებოდა ინსტიტუტის ახალი შენობის აშენებას, და იქ ლაბორატორიების გამართვას, თუმცა ეს ასე არ მოხდა… მეცნიერები ერთ პატარა ოთახში შეასახლეს… უნივერსიტეტის რექტორი, პარალელურად იმისა, რომ უნივერსიტეტის ქონება მცირდება, მისი (დავით გურგენიძის) ქონება იზრდება…“.
სტუ-ის ცნობით, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2025 წლის 25 ნოემბერს მიმართა და „ტელეკომპანიისაგან გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა“.
სტუ-ის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მედიაპასუხისმგებლობასა და საჯარო პირის რეპუტაციის დაცვას ეხება.
დავით ხვედელიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაქტს, რომ „მედიის თავისუფლება ვერ იქნება გამოყენებული ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების საფუძვლად და რომ საჯარო პირის მიმართ გავრცელებული ბრალდებები უნდა ეფუძნებოდეს გადამოწმებულ ფაქტებსა და ობიექტურ მტკიცებულებებს“.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს მედიაპასუხისმგებლობის ფარგლებს და საჯარო პირის რეპუტაციის დაცვის სამართლებრივ სტანდარტებს. სასამართლომ დასაბუთებულად დაადგინა, რომ ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებული კონკრეტული განცხადებები არ ეფუძნებოდა გადამოწმებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, შესაბამისად, შეიცავდა ცილისწამების ნიშნებს. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, არ არის აბსოლუტური და არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პირის პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი პოზიცია სრულ თანხვედრაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოსთან, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რომელიც საჯარო პირის მიმართ კრიტიკის დასაშვებ ზღვარს ფაქტობრივი სიზუსტისა და საზოგადოებრივი ინტერესის კრიტერიუმებით განსაზღვრავს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის სწორ განაწილებაზე და დაადგინა, რომ მედიის მიერ გავრცელებული ბრალდებები უნდა იყოს გამყარებული სანდო წყაროებითა და ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ პრეცედენტს, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტების განმტკიცებას, ისე საჯარო ინსტიტუტებისა და მათი ხელმძღვანელი პირების რეპუტაციის არგუმენტირებულ სამართლებრივ დაცვას“ – აცხადებს დავით ხვედელიძე.
