სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის თვითაცილების შუამდგმლობა დააყენა.
მოსამართლის თვითაცილების მოტივი მოწმის გამოკითხვაზე უარის თქმა გახდა. ავსაჯანიშვილი მოსამართლეს უხსნიდა რომ მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თორნიკე ქოჩქიანმა მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ადვოკატმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
ახლა მოსამართლე ბრალდებულის და დაცვის მხარის გარეშე პირისპირ მხოლოდ შსს-ს თანამშრომელს უსმენს.
თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
