თსუ-ს გარდა, აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც მიმდინარეობს. ახალგაზრდები და პროფესორ-მასწავლებლები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებენ.
როგორც ისინი ამბობენ, არ შეიძლება 104 წლის უნივერსიტეტი გაუქმდეს და ის ტრადიციები დაიკარგოს, რაც აქამდე არსებობდა.
იქამდე კი აკადემიური პერსონალი უნივერისტეტის რექტორს, დავით გურგენიძესაც შეხვდა და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. პროფესორები პირდაპირ ამბობენ, რომ უნივერსიტეტების შეერთება ნიშნავს სტუ-ს დახურვას.
“შეხვედრაზე ვიყავით აკადემიური პერსონალი, ჩვენი აზრი ის არის, რომ არ შეიძლება 104 წლის უნივერსიტეტი დაიხუროს, დახურვა ჰქვია შეერთებას, დაიკარგოს ის ტრადიციები, რაც ჩვენ გვაქვს. ადმინისტრაცია დაგვპირდა, რომ დაგვიდგება გვერდით. ვთვლით, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება და ასეთი დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი არ გაუქმდება, ჩვენ მაგას არ განვიხილავთ” – განაცხადა ლექტორმა.
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
