პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან.
კერძოდ, გახარია ეხმაურება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „სოფელ უისტაში ქართული პოლიციის პოსტი გაუქმდება“.
“დღევანდელ IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჩორჩანას საგუშაგო – რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩაიდგა შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასარიდებლად – „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ იქნება აღებული. საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მიტაცებისგან და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მცოცავი ოკუპაციისგან. ჩორჩანას საქმეზე ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 130-ე შეხვედრის შეჯამებისას ცხინვალის ე.წ. „დელეგაციის ხელმძღვანელმა“, იგორ კოჩიევმა გაიმეორა, რომ „არსებობს იმედი, სამხრეთ ოსეთის სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის უკანონო საგუშაგო მოიხსნება“.
„ჩვენს მიერ წამოჭრილ საკითხებს შორისაა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ უისტასთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს უკანონოდ ყოფნა. ჯერჯერობით არანაირი გარღვევა არ მომხდარა, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედი, რომ შევძლებთ ქართული მხარის დარწმუნებას და ეს საგუშაგო გაუქმდება“, – განაცხადა კოჩიევმა,რომლის კომენტარსაც მედია ციტირებს.
