ეუთო-ს დოკუმენტი ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება, ხელი შეუშალოს მისიის მუშაობას.
“პოლიტიკურმა კოალიციამ “ძლიერი საქართველო-ლელომ” და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოდან ერთი წლის წინ მივმართეთ ეუთო-ს და მოვითხოვეთ იმ პოლიტიკური უსამართლობის და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, სადაც დგინდება ობიექტურად ფაქტები და ობიექტური მოცემულობა, რა ხდება სახელმწიფოში ადამიანის უფლებებთან და პოლიტიკასთან მიმართებით და შემდეგ ხდება შესაბამისი შეფასებების თუ რეკომენდაციების გაცემა, რაც დასკვნის სახით იქნება ფაქტობრივი მხილება ბიძინა ივანიშვილის.
24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს თავის ობიექტურ სურათს, რამდენად ავტორიტარია, რამდენად დამნაშავეა ადამიანის უფლებების სისტემურ და მასიურ დარღვევებში, როგორ ცდილობს საერთოდ გაანადგუროს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში.
დიდი ინტერესით ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ ის გზა და მეთოდი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დამატებითი ინტერესის შესაქმნელად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისადმი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც 24 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
24 ქვეყნის ინტერესი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ნიშნავს, რომ 24 სახელმწიფო, მეგობრულად და ინტერესით განმსჭვალული საქართველოს ბედისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გამოხატავს მზაობას, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს, ჩაერთოს, შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და შემდეგ შესაბამისი დოკუმენტი შექმნას, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და აქვეყნებენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება ხელი შეუშალოს ამ კომისიის მუშაობას და მეორეს მხრივ ეცდება, რომ მარგინალიზაციას, ჩართოს პროპაგანდა და თქვას, რომ არანაირ სიმართლესთან არ იქნება კავშირში“, – განაცხადა კუპრაძემ.
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
