თავდაცვის სამინისტრო ჯუანშერ ბურჭულაძისგან ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას ითხოვს – როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამინისტროს იურუდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ცაბაძემ განაცხადა, თუ 6 მილიონ 9 ათასის გაფლანგვა დადასტურდება, ეს თანხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უნდა აანაზღაუროს.
ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში. იურუდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2025 წლის ივნისში შემოვიდა მიმართვა ანტიკორუფციული დეოარტამენტიდან რომ მიმდინარეობდა თანხების გაფლანგვაზე გამოძიება. იურიდიულ საფუძველზე, დამევალა მონაწილეობა ამ საქმეში გამოვცხადდი საგამოძიებო უწყებაში და გავეცანი საქმის მასალებს და დაზარალებულად ცნობის დადგენილებას. 2023 წლის შესყიდვას ეხება საქმე, კერძოდ ჰოსპიტლის აღჭურვილობას. საერთო ჯამში 6 მილიონ 9 ათასია. ბრალის დამტკიცების შემთხვევის მოვითხოვთ ანაზღაურებას”, – განაცხადა ცაბაძემ.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გენერალური შტაბის დაგეგმვის უფროსის მოადგილე გია მჭედლიშვილი. მოწმემ თქვა, რომ შესყიდვა საიდუმლო იქნებოდა თუ არა, ამას როგორც წესი, ალბათ ამ შემთხვევაშიც გორის ჰოსპიტალი წყვეტდა.
გენერალური შტაბის დაგეგმვის უფროსის მოადგილე ვარ. 2023-ში იგივე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი. ჩვენი მოვალეობა იყო თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დაგეგმვა. კურატორი არ გვყოლია, თუმცა საკითხები თავდაცვის მინისტრთან თანხმდებოდა. ვიყავი შესყიდვების კომისიის წევრიც. შეკრება რაღაც პერიოდი აღარ ხდებოდა. მოდიოდა პირდაპირ ოქმები, რა ტიპის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. გორის ჰოსპიტალისთვისს შესაძენი სამედიცინო ტექნიკის ბაზრის კვლევა ვის გაეგზავნა არ მახსოვს. პირველ ოქმში ეწერა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა თანხები. შესყიდვა საიდუმლო იქნებოდა თუ არა, ამას მოთხოვნის შემდგენი წყვეტდა როგორც წესი, ალბათ ამ შემთხვევაშიც გორის ჰოსპიტალი. შემდგომში ამ გრიფის მოხსნა შეეძლო კომისიას. ვასილ მხეიძეს, ზურა ტუკვაძეს და თქვენს მიერ ჩამოთვლილ სხვა პირებს არ ვიცნობ”, – თქვა მოწმემ.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
