“გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს – დებატებს რომ სთავაზობენ, თუ პატიმრებს გამოუშვებენ დასხედით, დაელაპარაკეთ!” – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე ოპოზიციურ ძალებს.
ხაბეიშვილის თქმით, მხოლოდ აქციაზე გასული „1000 კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“.
„არის ორი გზა – ერთი მძევალი როცაა აყვანილი, გადადიხარ შეტევაზე და გამოხსნი და მეორე – ეს არის მოლაპარაკება, საუბარი და დიალოგი. ზოგს ამისიც ეშინია გარეთ, ბრძოლა ხომ არ გამოსდით.
მეგობრებო, თუ ამბობთ, რომ ხელს არ ჩამოართმევთ, რომ არის რეჟიმი… მრცხვენია, რომ დღეს საქართველოში 1000 ადამიანი იბრძვის გმირულად. ესე არ გამოვა, ტყუილში, სიცრუეში ნუ ცხოვრობთ.
მეორე გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს. აიღეთ თავზე. გარეთ რომ ვიყო, ამ მძევლების გამო ყველა ტალახს მივიღებდი საკუთარ თავზე. არავის ვსაყვედურობ, მესმის ძმებო და დებო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ტროტუარის გამო გვიჭერენ. ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ შეტენით. აიღეთ პასუხისმგებლობა.
დებატებს რომ სთავაზობენ, დასხედით თუ პატიმრებს გამოუშვებენ, დაელაპარაკეთ!
მესამე გამოსავალი მოიფიქრა ხალხმა, რომ მოდი, რაღაცა მოხდება თავისით. თავისით არაფერი მოხდება. ეს ხალხი ზვარაკად უნდა იყოს შეწირული? ახლა როგორც მიდის, არანაირი ნიშანწყალი არაა იმის, რომ სადმე რამე წინააღმდეგობაა, ტყუილია.
მე მინდა ამათთან ლაპარაკი? რაც მინდოდა, იმაზე ვლაპარაკობდი და იმის გამო ვარ აქ. გეყოთ გამბედაობა, შენიშვნად არ მიიღოთ ან ვინმესთვის ხელის გაწვდენად.
1000 კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ ბრძოლას არ აპირებთ, არ გამოდის, მაშინ ელაპარაკეთ, იქნებ „გამოვძვრეთ“. იქნებ მოხერხდეს სწორი კომუნიკაცია. მე ჩემს აზრს დავაფიქსირებ – სხვა გამოსავალი არ არსებობს.
არანაირი დღის წესრიგი არ გაქვს. ფასების თემა შემოიტანეს. ბიზნესი კი არა, ყაჩაღები არიან, შეკრულები. თავის ჭკუაზე გვატრიალებენ, თავისი თემებით. იმის ნაცვლად, რომ პასუხი გვქონდეს, რომ ყველაფერი ამათი ბრალია, ვიღაცების დაცვა დაიწყეს. უნდა დავსვა კითხვა: საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ ლაპარაკობს გარეთ? ყველა ჯერზე მათ მოედანზე გადავყავართ. ტელევიზორს ყოველდღე ვუყურებ, არავინ არაფერს არ იზამთ, ეს ფაქტია,“ – მიმართა ხაბეიშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
