ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნაცემი პოლიციელის პირველი კომენტარი – “ტვ პირველი” გოგა ჯინჭარაძესთან სატელეფონო კავშირზე გავიდა. დაზარალებულმა სამართალდამცველმა ჩვენთან საუბარი არ იუსრვა.
“ტვ პირველმა” ჯინჭარაძეს ჰკითხა, დაიწყო თუ არა მასა და დავით შარაშიძეს შორის დაპირისპირება მისი ბიძაშვილის, ირაკლი კუჭავას (ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) გამო, როგორც ამაზე ოზურგეთის რიგ წრეებში საუბრობენ.
“მიმართეთ პრესსამსახურს” – უთხრა ჯინჭარაძემ.
როგორც “პირველებს” ეუბნებიან, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება რესტორანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩოხატაურის მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილი თავმდჯომარე, ირაკლი კუჭავა “ცუდად მოიხსენია”. ირაკლი კუჭავა და ნაცემი პოლიციელი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
“ტვ პირველი” პოლიციელის ცოლსაც ესაუბრა. მარიტა ბარამიძემ ამბობს, რომ მომხდარზე ვერ ისაუბრებს, რადგან სახლში ექიმი ჰყავს გამძახებული.
“ძალიან ცუდად ვარ და საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვი, ნერვული შეტევა მაქვს ისე ცუდად ვარ ვერაფერს გეტყვის. ექიმი მყავს სახლში და ბოდიშის გიხდით რა”, – თქვა მარიტა ბარამიძემ.
გაირკვა, რომ რომ ნათლობის 120 კაციან სუფრაზე, რესტორან „ილიკოში“, სადაც დაპირისპირება მოხდა, დაკავებული მაღალჩინოსანი, დავით შარაშიძე ნათლია იყო. რესტორანში ადასტურებენ, რომ გუშინ ღამით პოლიცია ადგილზე იყო მისული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდები ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე გუშინ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად გაავრცელა.
უწყების ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
