აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-ს აღწევს – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვით გამოწვეული შეფერხებების გამო აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში 550 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 ადამიანი ქუჩებში გარდაცვლილი იპოვეს.
„ჯერჯერობით არ ვიცით, ყველა შემთხვევა ჰიპოთერმიას უკავშირდება თუ არა, მაგრამ ყველა ნიუ-იორკელი მზადყოფნაში უნდა იყოს“ – აღნიშნა მამდანიმ.
ასევე, მამდანის თქმით, დაახლოებით 500 უსახლკარო პირი, რომლებიც ქუჩებსა და მეტროში ცხოვრობენ, პოლიციამ თავშესაფრებში გადაიყვანა.
უამინდობის გამო სამშაბათს აშშ-ში დაახლოებით 2190 ავიარეისი გაუქმდა და 4630-ზე მეტი გადაიდო.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა მიმდინარე კვირის ბოლომდე და მომდევნო კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდება.
