ვხედავთ, უკრაინას და მოლდოვას რა მხარეც აქვთ არჩეული – ამის შესახებ ნინო წილოსანმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
“მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ის რომელ პოლიტიკურ ორბიტას წარმოადგენს, ალბათ, ადვილად მისახვედრია. ეს ადამიანი მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ცეცხლზე ნავთი დაესხა და ყოველთვის შიდა არეულობის მომხრედ გვევლინებოდა. უფრო მეტიც, მან 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები გაამხნევა და მოუწოდა, თქვენს მხარეს ვარ, თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთო. საქართველოსთან დაკავშირებით მაია სანდუს მიერ გაკეთებული განცხადებების კეთილსინდისიერებაში ეჭვი გვეპარება. ის ადამიანი ქართველებისთვის მისაბაძი ვერასოდეს იქნება, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შეიყვანოს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინა და მოლდოვა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ აქტორებად გვევლინებიან. წლების მანძილზე, ისინი ღია თუ დახურულ ფორმატებში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო და ამ არეულობისთვის მხარი დაეჭირათ. ერთხელაც არ დაუგმიათ ფაქტი, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობდა. სამივე ქვეყანა კანდიდატი სახელმწიფოები ვართ, თუმცა ვხედავთ, უკრაინას და მოლდოვას რა მხარეც აქვთ არჩეული – მოლდოვის შემთხვევაში მზად არის, რომ საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანოს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში კი, მზად არიან, საკუთარი ქვეყანა ააოხრონ. როგორც ურსულა ფონ დე ლაიენმა მოუწოდა, ეს ის ხალხია, ვისაც ევროპის იდეისთვის შეუძლია, ასიათასობით მოქალაქის სიცოცხლე გაწირონ, იომონ და საკუთარი ქვეყანა ააოხრონ,” – განაცხადა წილოსანმა.
