“საქართველოშ სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება” – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფმა ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით.
ამ კონტექსტში მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და როგორც თავად აქციის მონაწილეები აცხადებენ, 425 დღეა, ისინი პროტესტის რეჟიმში არიან. ის ფაქტი, რომ 425 დღე ნებისმიერ პირს შეუძლია, სახელმწიფოს ძირითად საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი ნებისმიერ საკითხზე, ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება.
რაც შეეხება 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო არა მშვიდობიანი, არამედ კარგად ორგანიზებული, ძალადობრივი აქტი, რომელიც დასაწყისიდანვე მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალებას და საქართველოში ხელისუფლების დამხობას.
…აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრებისთანავე ორგანიზებულად იწყებოდა ძალადობრივი პროცესები, რომელიც გადადიოდა პარლამენტის შენობაზე თავდასხმასა და პოლიციელების მიმართ სასტიკ ძალადობაში.
სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყენეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ჩვენ ვიმოქმედეთ ზუსტად იმავე სტანდარტით, რითაც მოქმედებს მრავალი ევროპული ქვეყნის პოლიცია” -თქვა შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფმა ალექსანდრე დარახველიძემ.
