დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია – ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მისივე თქმით, პოლემიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.
“დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება და ზუსტად დებატებით არის შესაძლებლობა საზოგადოებამ გაიგოს, რომელი მიმართულება არის სწორი. ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა. ამ წამოწყებას მივესალმებით, მზად ვართ. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია, დებატი”, – აღნიშნა კალაძემ.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.
