Hengaw: ირანში ქურთი პოლიტიკური პატიმარი იუსეფ აჰმადი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე დგას – ირანში მომუშავე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია წერს, რომ იუსეფ აჰმადის სიკვდილით დასჯა უახლოეს დღეებში გაიმართება. ის ამჟამად სანანდაჯის ცენტრალურ ციხეში იმყოფება და მისი საქმე უკვე გადაეცა ირანის სასჯელაღსრულების განყოფილებას. 40 წლის პატიმრის სიკვდილით დასჯის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამებტური უფლებების სისტემური დარღვევით მიმდინარეობდა. Hengaw-ს ინფორმაციით, საქმე ძირითადად ირანის უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების შედეგად მოპოვებულ აღიარებებს ეფუძნებოდა. ორგანიზაცია იუსეფ აჰმადის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მისი სიკვდილით დასჯის აღსრულების შესაჩერებლად.
იანვრის დასაწყისში აჰმადმა სანანდაჯის ციხეში რვა სხვა პოლიტიკურ პატიმართან ერთად ირანელი მომიტინგეების მხარდასაჭერად და ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანეტების დახოცვის პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
აჰმადი ხუთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. მას „შეიარაღებულ აჯანყებასა” და ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრობას ედავებიან.
აჰმადი ირანის სამთავრობო ძალებმა 2020 წლის 26 აპრილს დააკავეს. მასთან ერთად „შეიარაღებული აჯანყების ხელშეწყობის“ ბრალდებით გასამართლდა და ჯამში 65 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა: მოჰამედ კარიმს, მოჰამედ ფეიზისა და ბასეტ კარიმს. ისინი ერთი დღით ადრე, 2020 წლის 25 აპრილს დააკავეს. სანანდაჯის დაზვერვის დეპარტამენტის დაწესებულებაში ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, ყველა მათგანი სანანდაჯის ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს. მათი სასჯელები ოფიციალურად 2023 წლის 3 სექტემბერს გამოცხადდა.
• მოჰამედ კარიმი – 25 წელი
• ბასეტ კარიმი – 20 წელი
• მოჰამედ ფეიზი – 20 წელი
