იაპონიის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს, 45 წლის ტეცუია იამაგამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იამაგამიმ დანაშაული 2025 წლის ოქტომბერში აღიარა.
67 წლის შინძო აბე თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად 2022 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა.
იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის იამაგამი ტეცუია ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, წლების წინ ტეცუია იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
ტეცუიას დაკავების კადრებში ჩანდა, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ორლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ის შინძო აბეს თავს დაესხა.
შემთხვევის შემდეგ შინძო აბე ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
აბემ პრემიერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა, როგორც ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ის იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში კვლავ გავლენიან პირად რჩებოდა. შინძო აბეს პრემიერობის ვადა იაპონიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.
