სულ მცირე 2 ჩვილი გარდაიცვალა, ხოლო 50-ზე მეტი მცირეწლოვანი ისრაელის საავადმყოფოებში მკურნალობს მას შემდეგ, რაც დასავლეთ იერუსალიმში, არალიცენზირებულ საბავშვო ბაღში მყოფი აღსაზრდელები ავად გახდნენ.ჰადასას მთა სკოპუსის საავადმყოფოსა და შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრში მყოფი სამი თვის ჩვილი და კიდევ ერთი – დაახლოებით ექვსი თვის ბავშვი, გარდაცვლილად გამოცხადდნენ. საავადმყოფოებმა გარდაცვალების მიზეზი არ დააკონკრეტეს.
ადგილობრივი მედია თავდაპირველად იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გათბობის სისტემიდან გამომავალი ტოქსიკური აირი იყო. თუმცა, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები არ დაფიქსირებულა.
სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ასევე განაცხადეს, რომ საბავშვო ბაღი გადატვირთული იყო. ვრცელდება ბაღში გადაღებული ფოტოც, სადაც ცანს რომ ადგილის არ ქონის გამო, ჩვილს აბაზანაში, იატაკზე სძინავს.
ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტები “ყველა საჭირო საგამოძიებო ზომას ატარებენ მტკიცებულებების აღმოსაჩენად.“
„დაკითხვაზე გადაიყვანეს ინციდენტის დროს, საბავშვო ბაღში მყოფი სამი მასწავლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის თანახმად, კერძო საბავშვო ბაღი მდებარეობდა ულტრაორთოდოქსული ებრაელებით დასახლებულ საცხოვრებელ კორპუსში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პარამედიკოსებმა ორი ჩვილის რეანიმაცია სცადეს და ისინი, 53 სხვა ჩვილთან და პატარა ბავშვთან ერთად, საავადმყოფოებში გადაიყვანეს შემდგომი სამედიცინო გამოკვლევისა და მკურნალობისთვის.
განათლების მინისტრის იოავ კიშმის თქმით „უმწეო ჩვილები კერძო დაწესებულებაში გარდაიცვალნენ, რომელიც კანონის დარღვევით, ლიცენზიისა და ზედამხედველობის გარეშე ფუნქციონირებდა “.
