აქცია ელიავაზე – მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელები ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ დაწესებული ცვლილებები მათ საქმიანობას ფაქტობრივად აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
პროტესტის მონაწილეები განმარტავენ, რომ 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების მიხედვით, თვითდასაქმებულ პირებს ტერიტორიაზე მეორადი საბურავების დასაწყობება და რეალიზაცია ეკრძალებათ, რაც მათი თქმით, ბიზნესის შეჩერების ტოლფასია.
აქციის მონაწილეები “ოცნების” ხელისუფლებას ცვლილებების ამოქმედების გადავადებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ რეგულაციები მათთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.
“მე, პირადად, ბანკის ვალი მაქვს და ჩემნაირი არის 80% აქ. კარგი, დავკეტეთ – წავედით, რით ვიხადოთ ეს ბანკის ვალი? მე შემოსავლების სამსახური შემომივიდა და პროცენტულად დამითვალა 195% მოგება, რომელიც არარეალურია და დამადო 600 ათასი ლარი, რომელიც ჩემი ჯიშ-ჯილაგი რომ ამოვყიდო, ვერ გადავიხდი ამას, შანსი არ არის. ამდენი ვალდებულების მერე რომ მეუბნები, დაკეტე, სად წავიდე? რა ქნას ამ ხალხმა? მე სტუდენტი მყავს, პატარა მყავს, ოჯახს ვარჩენ ამით, მეტი შემოსავალი არაფერი გავქვს”, – ამბობს მოვაჭრე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ დახმარების თხოვნით მერიასაც მიმართეს, თუმცა იქ უთხრეს, რომ ალტერნატიული ფართის გამოყოფის საშუალება არ ჰქონდათ.
“რაც მოტანილი გვაქვს, ეს საქონელი ხომ უნდა გავყიდოთ? საგადასახადო ვალდებულებები გვაქვს, საბანკო ვალდებულებები გვაქვს და გვეუბნებიან, რომ “წადი სახლში, არ გვაინტერესებსო”. ვიყავით მერიაშიც მისულები, “არანაირი პირობები ჩვენ არ გვაქვსო, არც ადგილებიო, სადაც უნდა გადაგიყვანოთო”. ამათ არაფერი აინტერსებთ და ეგრე არ არის”, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
