“როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის გაწმენდილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდება, შემოერთებულ ტერიტორიებზე გვაქვს ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის შიდა ქუჩები, გაწმენდით სამუშაოებს ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, მთავარი პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების და გამზირების მოწესრიგება… 112-თან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, კომუნიკაცია, ნებისმიერ ზარზე ხდება მყისიერი რეაგირება ჩვენი მხრიდან. დღეს მთელი დღე თოვლია გამოცხადებული, ღამის განმავლობაშიც ვაგრძელებთ ურთიერთობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გაწმენდილი და მოწესრიგებული. თხოვნაა, ზამთრის საბურავების გარეშე თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვის “- თქვა კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივში თბილისში დიდთოვლობის შედეგად არსებულ ვითარებაზე საუბრისას.
“24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. პრიორიტეტი არის ცენტრალური გამზირების და ქუჩების გაწმენდა, რომელიც ამ დრომდე წარმატებით სრულდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე არის რამდენიმე მარშრუტი, კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სადაც ბოლომდე ვერ მიდიან, ოღონდ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები და ამას არ აქვს მასიური ხასიათი. რამდენიმე საშუალებით შემოგვდის შეტყობინება. ეს არის კამერები, ეს არის ცხელი ხაზი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მალე მოვაგვაროთ ხოლმე ეგ პრობლემა. მოსახლეობის მხრიდანაც შემოდის გარკვეული თხოვნები ცხელი ხაზის საშუალებით. ბუნებრივია, ერთ დღეში მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩის დასუფთავება შეუძლებელია, თუმცა ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით ყველა მეორეხარისხოვან ქუჩასაც მოვაწესრიგებთ და მაქსიმალურად ჩვენი მოსახლეობის გვერდით ვიქნებით 24- საათიან რეჟიმში, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება”- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
