ინტენსიური თოვის გამო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია. სავტომობილო გზების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ1-კმ42 (კოდა- სოფ.ალგეთი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო აღნიშნული გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე – შეზღუდულია
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, თბილისში თოვლის საფარისგან გზები გაწმენდილია. მისივე თქმით, როგორც ქალაქის ქუჩებში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე დაყრილია ტექნიკური მარილი. მობილიზებულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.
“დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე საწმენდი საშუალებით გაიწმინდა გზები. გზებთან ერთად იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელები კიბეები და გაჩერებები. ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება. დღეს დილით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშრუტებზე გავიდა, ყველა ცენტრალური ქუჩა იყო გახსნილი, ხოლო 10:00 საათისთვის მეორე და მესამეხარისხოვანი გზები“ – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ.
