ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლის ცნობილმა დარბაზმა უმასპინძლა ქორეოგრაფიულ ანსამბლს „სუხიშვილები“.
პროექტი განახორციელა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, სალომე ლილუაშვილმა, რომელსაც კომპანია Emolas Coproration აქვს დაფუძნებული და ქართულ პროექტებს აკეთებს. „სუხიშვილების“ კონცერტამდე ეს ღონისძიება უკვე აღმოჩნდა ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში.
ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო „სუხიშვილების“ გამოსვლას მეუღლესთან ერთად დაესწრო, ხოლო კონცერტის შემდეგ ის ილიკო და ნინო სუხიშვილებს კულისებში ესტუმრა და მათ გაესაუბრა. ილიკო სუხიშვილმა აღნიშნა, რომ ანსამბლი მისმა ბაბუამ დააფუძნა, ხოლო დე ნიროს გაუმხილა:
„თქვენ ჩვენი საყვარელი მსახიობი ხართ…“ დე ნირომ კი თავის მხრივ გაიხსენა საქართველოში თავისი სტუმრობის ამბავი. მისმა მეუღლემ დასძინა:
„სწორედ ამის გამო მოვიდა დღეს აქ…“ ნინო სუხიშვილმა აღნიშნა, რომ იციან მისი სტუმრობის ამბავი, თუმცა იმ პერიოდში ანსამბლი გასტროლებზე იყო… შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა ნინუკა შარაშიძემ, რომელიც თავადაც ანსამბლის წევრი გახლდათ.
