ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატის თქმით, ბრლადების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ მოიცავს.
ადვოკატის თქმით, მიქაძეებს ბრალდება “ციდან დაეცათ”.
“სასამართლო იხილავდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვის, დასაშვებობის საკითხს. არც ეს მტკიცებულებები, ისევე როგორც სხვა, მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ეს მტკიცებულებები მიუთითებს უბრალოდ, რომ ფარცხალაძე იცნობდა მიქაძეებს, მიქაძეები იცნობდნენ ჯოხაძეებს.
[…] მას [გიორგი მიქაძეს] ნამდვილად არანაირი შეხება არ ჰქონია არც მოცემულ პირებთან, არც საქმესთან, არც ორგანიზებასთან, არც ინტერესი ჰქონია და არც მოტივი. მაშინ, როცა ასე, აბსოლუტურად არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის სიმძიმის ბრალდება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის დამოკიდებულება ძალიან მძიმეა ასეთ საკითხთან მიმართებით”. – თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
