ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას – ამის შესახებ ნათქვამია “კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ TrialWatch-ის ახალ ანგარიშში, რომელსაც “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
ფონდის განცხადებით, მისი სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის პრორუსული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.
“ანგარიშში, რომელიც TrialWatch-ის „პრო ბონო“ პარტნიორთან [როდესაც პარტნიორი უსასყიდლოდ გეხმარება. ნეტ], იურიდიულ ფირმა Covington & Burling LLP-თან ერთად მომზადდა, დეტალურად არის აღწერილი პროცესის სერიოზული ხარვეზები. მათ შორისაა სასამართლოს უარი დაცვის მხარის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა და მოწმეების დაშვებაზე, ასევე ამაღლობელის მოთავსება მინის „აკვარიუმში“, რამაც შეზღუდა ადვოკატთან კომუნიკაცია და შესაბამისად ხელი შეუშალა ბრალდებულს საკუთარ დაცვაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებაში. დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა დანაშაულის იმ ახალი ელემენტებისგან, რომელთა გამოც საბოლოოდ მსჯავრი დაედო. გარდა ამისა, განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოსწორდა, მიუთითებს მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე, კერძოდ, განზრახვაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დამოუკიდებელი ჟურნალისტი სამაგალითოდ დაესაჯათ, რათა დაეშინებინათ განსხვავებული აზრის მქონე სხვა ადამიანები. საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც წინასწარ ქმნიდნენ ნეგატიურ განწყობას, უკვე დაარღვია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება” – ნათქვამია კლუნების ფონდის პრესრელიზში.
ვინაიდან მოსალოდნელია საქმის გასაჩივრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, TrialWatch-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს სასამართლოების პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მუშაობა.
