შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ფ. რუსთავში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.” – წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
