იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ, „ნესტლეს“ იმ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომელიც შეიძლება, ტოქსინ Cereulid-ს შეიცავდეს.
„ეს გახლავთ ის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი. ერთჯერადი ღებინება, როგორც წესი, ბავშვისთვის საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ ღებინება მრავალჯერადია, მაშინ არის გაუწყლოების განვითარების რისკი, რაც აუცილებლად საჭიროებს ექიმის ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში ინტრავენურ გადასხმასაც. ჯერჯერობით, მიმართვიანობის ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი, რაც ქვეყანაშია შემოსული, აუცილებლად შეიცავს ამ ბაქტერიას.”- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს.
