გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შუახნის მამაკაცებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.
დანაშაული სოფელ ყარათაქლაში 5 იანვარს მოხდა.
aktual.ge -ს ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის ქორწილში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის სამი ვაჟი საქმის გასარჩევად, მანქანით, ფაილ ალიევის სახლთან მივიდა. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა 2 მათგანი დანით დაჭრა. აიდინ მამედოვის მესამე ვაჟმა კი, ფაილ ალიევსა და მის ვაჟს მანქანით გადაუარა.
ფაილ ალიევი ადგილზე დაიღუპა, შემთხვევის დროს დაშავებული მისი ვაჟი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში არიან გადაყვანილები აიდინ მამედოვის ვაჟებიც.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.
