“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია VEB.RF-სთან ერთად ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტს ამუშავებს, რომელიც რუსეთიდან “სამხრეთ ოსეთის” გავლით ამიერკავკასიაზე, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთამდე გავა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევმა განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციიდან ამიერკავკასიამდე და შემდეგ ახლო აღმოსავლეთამდე ყველაზე მოკლე და უსაფრთხო გზა “სამხრეთ ოსეთის” გავლით გადის. ყველას ესმის, რომ რკინიგზა სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრანსკავკასიური გზატკეცილი… “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა” მზად არის, როგორც ტრანსკავკასიური გზატკეცილის, ასევე, რკინიგზის მასშტაბური პროექტები უზრუნველყოს. უფრო მეტიც, ჩვენ რკინიგზის პროექტზე VEB.RF-თან ერთად ვმუშაობთ. მათი შესაძლებლობებიდან და საერთო გეოპოლიტიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკითხი რთულია, მაგრამ სხვა ვარიანტი არ არსებობს,“ – ამბობს გაგლოევი.
მისი თქმით, ზემო ლარსის გავლით გზა ყველა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს და ადრე თუ გვიან “სამხრეთ ოსეთზე” გამავალი რკინიგზის მშენებლობის საჭიროება გაჩნდება.
„ჩვენთვის ეს რესპუბლიკის თვითდაკმაყოფილებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა და “სამხრეთ ოსეთი” სხვა რესპუბლიკების დახმარებასაც შეძელბს. სიტუაცია ყოველდღიურად სწრაფად იცვლება და ვფიქრობ, ამას აუცილებლად ვიხილავთ,“ – აცხადებს გაგლოევი.
“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებამ ალაგირ-ცხინვალის რკინიგზის პროექტი ცხინვალში გამართულ ე.წ. პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინა. მისი შეფასებით, ეს მარშრუტი ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია და რუსეთს, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს შორის „ხიდს“ წარმოადგენს.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მასშტაბური რკინიგზის პროექტი კომპლექსური სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურას, საწყობებსა და ლოგისტიკის ობიექტებს მოიცავს.
პროექტის პარტნიორი, რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია, VEB.RF 2018 წლამდე “ვნეშეკონომბანკის,” ხოლო 1988 წლამდე სსრკ-ის “ვნეშტორგბანკის” სახით ფუნქციონირებდა. კორპორაცია ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს აფინანსებს და რუსეთის განვითარების მთავარი ინსტიტუტია.
VEB.RF-ის უმაღლესი კოლეგიალური ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომელსაც რუსეთის ვიცეპრემიერი, დიმიტრი გრიგორენკო ხელმძღვანელობს. სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე, შედიან ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი, სენატორი, იური ბორისოვი, ეკონომიკის მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი, თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი, ვიცეპრემიერები, დიმიტრი ჩერნიშენკო და მარატ ხუსნულინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მაქსიმ ორეშკინი და იგორ შუვალოვი, რომელიც VEB.RF-ს 2018 წლიდან თავმჯდომარეობს.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ბანკი, მის შვილობილ კომპანიებთან ერთად, აშშ-ის სპეციალურად მონიშნული და დაბლოკილი პირების სასანქციო სიას დაემატა. ეს სანქციები მაქსიმალურ შესაძლო შეზღუდვებსა და აქტივების სრულ გაყინვას გულისხმობს. ის, ასევე, ბანკთაშორის გადახდის სისტემა SWIFT-დან იქნა გათიშული. ამასთან, VEB.RF სინგაპურის სასანქციო სიაში არის შეტანილი.
2022 წლის 23 თებერვალს კორპორაცია თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებთან, მათ შორის, “როსტეხთან” კავშირის გამო ევროკავშირის სანქციების სიასაც დაემატა. ბლოკის შეფასებით, VEB.RF „მატერიალურად ან ფინანსურად აქტიურად უჭერს მხარს რუს პირებს ან სარგებელს იღებს მათგან, ვინც ყირიმის ანექსიაზე ან აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაზე არიან პასუხისმგებელი.“
ასევე, კორპორაცია გაერთიანებული სამეფოს, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიის, უკრაინისა და ახალი ზელანდიის სასანქციო სიებში არის შეტანილი.
ცნობისთვის: გასული წლის სექტემბერში რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ შოხინმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი” სამხრეთისკენ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის შექმნას შეძლებს, თუ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს გააფართოებს. მისი თქმით, ადრე თუ გვიან “სამხრეთ ოსეთის” სატრანზიტო პოტენციალი აღდგება და მისი ტერიტორია და ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო არტერიად გადაიქცევა. შოხინი ამბობს, რომ “ამ ალტერნატიული მარშრუტით ჩინეთი არის დაინტერესებული, ამიტომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად უნდა იქნეს აღქმული, რომელშიც ძლიერი მოთამაშეები მონაწილეობენ.” ის პროექტის განხორციელებას საშუალოვადიან პერსპექტივაში მოელის.
