ეს ასევე კარგი გზავნილი იქნება სხვა მსგავსი რეჟიმებისადმი და თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხებისადმი – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ვენესუელა დიდი ქვეყანაა. მისი ფართობი სამჯერ აღემატება გერმანიისას. ცხოვრობს 30 მილიონი ადამიანი( 7 მილიონი გაქცეულია). ნავთობის მარაგებით იგი პირველ ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს საუდის არაბეთს, ირანს, ერაყს, კუვეიტს, ემირატებს, რუსეთს, ამერიკას. ნავთობის მოპოვებით ვენესუელა მხოლოდ 21-ე ადგილზეა მსოფლიოში. მისი მოპოვება სამჯერ შემცირდა მადუროს რეჟიმის რეპრესიული და ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად.
ვენესუელას ასევე აქვს რკინის მადნის დიდძალი მარაგები.
ვენესუელის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნება, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ნავთობის გაიაფებას, სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთისა და ნავთობის მომპოვებელი სხვა ავტორიტარული რეჟიმებისათვის.
ვენესუელაში რეჟიმი რომც შეიცვალოს, მსოფლიო ბაზარზე მისი ნავთობის მიწოდება სწრაფად და დიდი მოცულობით ვერ მოხდება, რადგან ნავთობის ინდუსტია განადგურებულია და მის სრულ აღდგენას რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი და დაახლოებით ათი წელიწადი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მადუროს დიქტატორული რეჟიმის შეცვლას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ეს ასევე კარგი გზავნილი იქნება სხვა მსგავსი რეჟიმებისადმი და თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხებისადმი”
